რეცენზირება და გამოქვეყნება

აკადემიური ნაშრომის წარდგენის შემდეგ ხდება რედაქტორების მიერ მისი შესაბამისობის შეფასება ჟურნალის მოთხოვნებთან, ციტირების სტანდარტთან, სარედაქციო პოლიტიკასთან, მიზნებთან და თემებთან.

მთავარი რედაქტორი ამოწმებს ნაშრომს პლაგიატზე, და მხოლოდ წარმატებით გავლის შემდეგ დაიშვება იგი შემმდეგ ეტაპზე.

პლაგიატის შემოწმების შედეგების საფუძველზე, ნაშრომი ეგზავნება რეცენზენტ(ებ)ს.

 

რეცენზენტი შეირჩევა დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით და შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი (პრაქტიკული და/ან კვლევითი) გამოცდილება/კვალიფიკაცია  შესაფასებელი სამეცნიერო ნაშრომის სფეროში.

რეცენზენტების ვინაობა ანონიმურია, ერთი მხრივ, ავტორისთვის და მეორე მხრივ, შერჩეული რეცენზენტებისთვის. რეცენზენტების ანონიმურობა უზრუნველყოფილი და დაცულია, როგორც რეცენზირების პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ.

ნაშრომის დროული შეფასების შეუძლებლობის ან შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის არარსებობის შემთხვევაში, რეცენზენტი წერილობით აცნობებს რედაქტორს ამის თაობაზე გონივრულ ვადაში. რეცენზენტები ხელმძღვანელობენ ნაშრომის შეფასებისთვის დადგენილი კრიტერიუმებით და წერილობით წარუდგენენ შეფასების ანგარიშს მთავარ რედაქტორს, რის შემდეგომაც ავტორებს ეცნობებათ ხარვეზების შესახებ შემდგომი გამოსწორების მიზნით (დანართი №4).

რეცენზირების ეფექტიანობის მიზნით, რეცენზენტს უფლება აქვს მიმართოს სარედაქციო საბჭოს რეკომენდაციით, რაც არ ჩაითვლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასების პრინციპების დარღვევად.

რეცენზენტი იძლევა შემდეგ რეკომენდაციებს:

ა) ნაშრომი შეიძლება გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალში მნიშვნელოვანი ტექნიკურ-არსებითი რედაქტირების გარეშე;

ბ) ნაშრომი საჭიროებს არსებით რედაქტირებას გამოქვეყნებამდე;

გ) ნაშრომი არ ექვემდებარება გამოქვეყნებას.

რეცენზენტის რეკომენდაცია ხარვეზების შემდგომი გამოსწორების შესახებ უნდა შეიცავდეს შესაბამის მითითებებს და განმარტებებს შეფასებულ ნაშრომში.

თუ რეცენზენტ(ებ)ი რეკომენდაციას უწევს ნაშრომში ხარვეზების გამოსწორებას, ეს ეცნობება ავტორებს და მთავარი რედაქტორი კოორდინაციას უწევს კორექტირების პროცესს.

მთავარი რედაქტორი აფასებს ავტორების მიერ რეცენზენტის მიერ მოცემული რეკომენდაციის გაზიარების ხარისხს.

რეცენზენტ(ებ)ის შეფასების საფუძველზე, მთავარ რედაქტორს წარედგინება ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი შესაფასებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად და სარედაქციო საბჭოსთვის წარსადგენად;

მთავარი რედაქტორის მიერ გამოცემის პერიოდულობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, ნაშრომი შეიძლება გამოქვეყნდეს ჟურნალის შემდეგ ნომერში, თუ რეცენზენტების მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება დიდ დროს მოითხოვს, რამაც შეიძლება შეაფერხოს ჟურნალის დროული გამოცემა.

 

ნაშრომის გამოქვეყნებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ავტორის მოთხოვნით, რეცენზენტ(ებ)ის შეფასება შეიძლება გაეგზავნოს ავტორს ანონიმურობის დაცვით.