შეიარაღებული კონფლიქტის რობოტიზაცია ავტონომიური იარაღის სისტემის გამოყენებით: კაცობრიობის დაცვის თანამედროვე მეთოდი თუ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა?
საკვანძო სიტყვები:
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, ხელოვნური ინტელექტი, შეიარაღებული კონფლიქტები, ავტონომიური იარაღიანოტაცია
ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, ხელოვნურმა ინტელექტმა სამეცნიერო ფანტასტიკიდან შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაინაცვლა და წარმოშვა ახალი გამოწვევები, მათ შორის, საკითხის სამართლებრივად მოწესრიგების პრობლემაც. ამასთან, შეიარაღებულ კონფლიქტში რობოტების გამოყენებას მომხრეებთან ერთად მრავალი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა საერთაშორისო არენაზე. მსოფლიოს დიდი სახელმწიფოები ავტონომიური იარაღის წარმოების პარალელურად ცდილობენ შეიმუშაონ შიდასახელმწიფოებრივი სტანდარტები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს. ახალი ტიპის იარაღის გამოჩენამ შეცვალა საერთაშორისო საზოგადოების შეხედულება იარაღების კლასიფიცირების მიმართ. სახელმწიფოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს ფიქრი ახალი რეგულაციების მიღებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების შესახებ. დაისვა საკითხი, თუ ვის უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ავტონომიური იარაღის სისტემის მეშვეობით ჩადენილი დანაშაულებისათვის. საერთაშორისო საზოგადოება დადგა გამოწვევის წინაშე, განსაზღვროს, თუ რა არის ავტონომიური იარაღის სისტემა საბოლოოდ – კაცობრიობის დაცვის თანამედროვე მეთოდი თუ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა სიმარტივეს არ წარმოადგენს და მის დანახვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთიან პრიზმაში საჭიროებს. სხვადასხვა აკადემიური სტატიის, საერთაშორისო სამართლებრივი აქტისა და სასამართლო გადაწყვეტილების შეჯერებით კი იკვეთება შემდეგი ძირითადი მიგნებები: 1. ავტონომიური იარაღის წარმოებას, დიდი დაინტერესების მიუხედავად, ასევე ჰყავს არაერთი კრიტიკოსიც, რომლებიც საკუთარ პოზიციას ამყარებენ იმით, რომ ხელოვნური ინტელექტის შეიარაღებულ კონფლიქტში გამოყენება, პირველ რიგში, გაზრდის სამოქალაქო მოსახლეობისთვის არაპროპორციული ზიანის მიყენების რისკებს, ხოლო, მეორე მხრივ, საფრთხეს
შეუქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 2. მართალია, ავტონომიური იარაღის გამოყენების საკითხს ინდივიდუალურად არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ აწესრიგებს, მაგრამ გარკვეულ დონეზე უკვე შესაძლებელია მისი ჩარჩოებში მოქცევა არსებული სამართლებრივი მექანიზმებით. 3. რაც შეეხება ავტონომიური იარაღის გამოყენების შესაბამისობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითად პრინციპებთან, ვინაიდან დღეისთვის ლეტალური ავტონომიური იარაღის სისტემისთვის შეუძლებელია პროპორციულობის პრინციპის დაცვა, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება არ ეწინააღმდეგებოდეს სამხედრო აუცილებლობის, გარჩევითობისა და ჰუმანურობის პრინციპებს, უმჯობესია მოხდეს მისი გამოყენებისგან თავის შეკავება იმ დრომდე, სანამ აღნიშნული პრობლემა არ მოგვარდება. 4. დღეისთვის არ არსებობს სახელმძღვანელო პრინციპები ავტონომიური იარაღის სისტემის საზღვაო და საჰაერო შეიარაღებულ კონფლიქტებში გამოყენების შესახებ. ასევე, არცერთი საერთაშორისო ხელშეკრულება არ უზრუნველყოფს ბუნებრივი გარემოსა და კულტურული ფასეულობების დაცვას შეიარაღებულ კონფლიქტში ავტონომიური იარაღის სისტემის გამოყენების პირობებში. 5. ავტონომიური იარაღის სისტემის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში გამოიკვეთა, რომ რობოტისთვის, მიუხედავად მისი ავტონომიურობის ხარისხისა, დაუშვებელია პასუხისმგებლობის დაკისრება. ფიზიკურ პირს კი მხოლოდ ნახევრად ავტონომიური იარაღის მეშვეობით ჩადენილი დანაშაულისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა.