ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უფლების დაცვის საშუალებების იურიდიული ძალა: საერთაშორისო სასამართლოების პრეცენდენტული სამართლის კრიტიკული ანალიზი
ანოტაცია
ნაშრომი ეხება დე ფაქტო რეჟიმების მეშვეობით დამყარებული ოკუპაციის შემთხვევებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ უფლების დაცვის საშუალებათა კანონიერ ხასიათს. კვლევა საკვლევ კითხვებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საჯარო სამართლის პერსპექტივიდან იხილავს. ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდება ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებათა ექტსრა-ტერიტორიული მოქმედების საკითხზე, ხოლო მეორე მხრივ, საერთაშორისო საჯარო სამართალში არსებული „არაღიარების ვალდებულების“ ფარგლებსა და სამართლებრივ ბუნებაზე.
ნაშრომის მიზნებისთვის ოკუპაციის სამართლიდან მომდინარე ვალდებულებები მხოლოდ არაპირდაპირ განიხილება.
ხსენებული პრინციპების ფონზე, ნაშრომში განხილულია შემდეგი საკითხები: რამდენად შეიძლება ჩაითვალოს დე ფაქტო რეჟიმების მეშვეობით დამყარებული ოკუპაციის შემთხვევებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფუძნებული ორგანოები, მათი ქმედებები ან/და მათ მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები „კანონიერად“. მეორე მხრივ, ამ საკითხთან ერთგვარად შეპირისპირებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის საკითხი და მათ მიერ ამგვარი ორგანოებით სარგებლობის
აუცილებლობა.
კვლევა სხვა წყაროებთან ერთად ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას.გარკვეულ შემთხვევაში მიმოხილულია ამ გადაწყვეტილებათა სამეცნიერო კრიტიკაც.