დეზინფორმაციასთან ბრძოლა, როგორც გამოხატვის თავისუფლების დაცვის მექანიზმი

ავტორები

  • გვანცა დოლბაია

საკვანძო სიტყვები:

დეზინფორმაცია, სანქციები, გამოხატვის თავისუფლება.

ანოტაცია

დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობამ და სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობამ განაპირობა. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტიანი გზების ძიება არანაკლებ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან რთულია გამოინახოს ისეთი გადაჭრის მექანიზმი, რომელიც ინტერნეტ სივრცეში მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ისე აღკვეთს, რომ ამავდროულად არაპროპორციულად არ შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. სტატიაში განვითარებულია მოსაზრება, რომ უპირველესად, საჭიროა დადგინდეს დეზინფორმაციის უნივერსალური და ერთმნიშვნელოვანი დეფინიცია, რომელიც ამ უკანასკნელს გამიჯნავს მისინფორმაციისგან, მალინფორმაციისგან და პროპაგანდისგან. ამასთან, სტატია განიხილავს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და ამტკიცებს, რომ დეზინფორმაცია მოცემულ ფარგლებს სცდება და მისი მანკიერი ხასიათით საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფოს დემოკრატიულ ღირებულებებს. განსაკუთრებით საფრთხილოა, როდესაც მცდარი ინფორმაციის გავრცელება ხდება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში ინტერვენციის იარაღი ან ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებს შორის დაპირისპირების გამომწვევი საშუალება. ამასთან, სტატიაში განვითარებულია მოსაზრება, რომ სახიფათოა არამხოლოდ დეზინფორმაციის ფენომენი, არამედ არადემოკრატიული სახელმწიფოების მიერ ნებისმიერი მიუღებელი შინაარსის ინფორმაციის დეზინფორმაციად შერაცხვა და შედეგად, არაპროპორციული სანქციების დაწესება. გამომდინარე აქედან, სტატიაში განვითარებულია მოსაზრება, რომ აუცილებელია იმ ოქროს შუალედის პოვნა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას აღკვეთს არა სახელმწიფოს მმართველი ძალის უშუალო კონტროლითა და მეთვალყურეობით, არამედ სოციალური მედიის პლატფორმების პროაქტიული ჩართულობით - ისეთი ღონისძიებების გატარებით, რომელიც საეჭვო ინფორმაციას მომხმარებლამდე შესაბამისი შეტყობინებით მიიტანს და ცალსახად მცდარი შინაარსის ამბებს ავტომატურად მიუწვდომელს გახდის.

Загрузки

გამოქვეყნებული

2026-07-26

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.