ქალთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები საერთაშორისო კონფლიქტის დროს
საკვანძო სიტყვები:
შეიარაღებული კონფლიქტები, ქალთა უფლებები, მშვიდობიანი მოსახლეობა.ანოტაცია
ისტორიის განმავლობაში ომებს თან ახლდა განსაკუთრებული სისასტიკე, რაც თანამედროვე სამართლებრივი პერსპექტივიდან უნდა განიხილებოდეს, როგორც ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი შეიარაღებული კონფლიქტი გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა წევრზე, განურჩევლად მათი სქესის, ასაკის, კანის ფერის, ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომავლობისა, ქალები იყვნენ და არიან განსაკუთრებით დაუცველები ომის დროს. კონფლიქტის დროს ქალთა უფლებების დარღვევა კვლავ აქტუალური პრობლემაა. ამას ადასტურებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ომის სისასტიკე განსაკუთრებით აისახება გოგოებსა და ქალებზე. ნაშრომში შედარებით-სამართლებრივი მეთოდის საფუძველზე განხილულია ქალთა მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ჭრილში. ამასთან, გაანალიზებულია ის სამართლებრივი გამოწვევები, რაც ამ დანაშაულების განხილვის დროს წარმოიშობა და შემოთავაზებულია გარკვეული რეკომენდაციები. ნაშრომი სხვა წყაროებთან ერთად ეფუძნება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამის პრაქტიკას, ასევე მეცნიერთა მოსაზრებებს, კრიტიკასა და შენიშვნებს.