სახელმწიფოები ტერიტორიის გარეშე - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ახალი საერთაშორისო სამართლებრივი რეალობა?
საკვანძო სიტყვები:
კლიმატის ცვლილება, კუნძულოვანი სახელმწიფო, ტერიტორია, სახელმწიფოებრიობაანოტაცია
საერთაშორისო სამართალი არ იცნობს შემთხვევას, როდესაც სახელმწიფომ, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა, სამართალმემკვიდრის გარეშე შეწყვიტა არსებობა. არის თუ არა მზად საერთაშორისო სამართალი დაიცვას სახელმწიფო მისი არსებობის სრულად შეწყვეტისაგან? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც არის წინამდებარე ნაშრომის ძირითადი მიზანი.
კლიმატის ცვლილების შედეგებიდან ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები ზღვის დონის მატებაა, რომელიც, არსებული კვლევების თანახმად, 2100 წლისთვის დაახლოებით 1 მეტრით აიწევს. წყლის დონის ამ მოცულობით მატება დაკავშირებულია სახმელეთო ტერიტორიის დაკარგვასთან, რაც სულ მცირე მარშალის კუნძულების, მალდივის კუნძულების, კირიბატის რესპუბლიკისა თუ ტუვალუსთვის ნიშნავს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს.
რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა საერთაშორისო სამართლისთვის და რა ბედი ეწევა ამ ინსტიტუტს მას შემდეგ რაც სახელმწიფო ტერიტორია სრულად დაიფარება წყლის მასით? შესაძლებელია თუ არა სახელმწიფოს არსებობა ტერიტორიის გარეშე და მოიძებნება თუ არა საერთშორისო სამართალში ბერკეტები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას ამ ვითარებაში?
წინამდებარე ნაშრომში, არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე, განხილულია წყლის დონის მატების შედეგად სახმელეთო ტერიტორიის დაკარგვით გამოწვეული პროცესების პრაქტიკული და სამართლებრივი შედეგები და შემოთავაზებულია ტერიტორიის გარეშე სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ალტერნატიული შესაძლებლობები.